понедельник, 16 мая 2011 г.

ნოო

ნოოს თეატრის წარმოდგენა იცუკუსიმას ტაძარში
  ნოო, ნო, ნოგაკუ, იაპონური ნოო სიტყვა სიტყვით ნიშნავს ოსტატობას . ტრადიციული თეატრის ერთ-ერთი ჟანრი. თავდაპირველად იაპონური ხალხური თეატრის სახეობა, შემდგომ — პროფესიული თეატრი. XIV-XV საუკუნეებში გადაიქცა ფეოდალური და სამხედრო არისტოკრატიის თეატრად. ნოოს სპექტაკლი შეიცავს მუსიკას, ცეკვას, დრამას. მოქმედება სრულდება ფლეიტისა და სხვადასხვა ფორმის დოლისაგან შემდგარი ორკესტრისა და მამაკაცთა გუნდის თანხლებით (გუნდი აქტიურად ებმება მოქმედებაში). სპექტაკლები იმართება სამი მხრიდან ღია კვადრატულ მოედანზე, რომლის სახურავი 4 სვეტს ეყრდობა, სპექტაკლი მიმდინარეობს ფარდისა და დეკორაციის გარეშე, ერთადერთ უკანა უცვლელი დეკორაციის ფონზე, რომელზედაც გამოსახულია მწვანე ფიჭვი ოქროსფერ მინდორზე. გუნდი და ორკესტრი სცენაზეა განლაგებული.
  ნოოს პიესებს საფუძვლად უდევს იაპონური კლასიკური ლიტერატურიდან, ისტორიული ქრონიკებიდან და ბუდისტური ლეგენდებიდან აღებული სიუჟეტები. მათში ბევრია მონოლოგი, მოგონება. მოქმედება მდორედ ვითარდება, კონფლიქტი თითქმის არ არის. პირი ყოველთვის ორია — სიტე (სინამდვილე) და ვაკი (პარტნიორი). სიტე და მისი თანმხლებნი ნიღბებში გამოდიან, ვაკი — უნიღბოდ. ყველა როლს მამაკაცები ასრულებენ. წარმოდგენა შედგება 5 სხვადასხვა ხასიათის პიესისაგან, რომელთა შორის ძირითადი პიესის ელეგანტურობისა და სინატიფის გამოსაკვეთად ინტერმედიის სახით ჩართულია პატარ-პატარა ხალხური ტლანქი კომედიები.
  გრიმი, მიმიკა ნოოს თეატრში არ არის. მსახიობებს გაქვავებული სახე აქვთ, კონკრეტულობას მოკლებული კოსტიუმები ლამაზ კოლორიტს ქმნის. თეატრის ფუძემდებლებია კანიამები — კანძე კიიოცუგუ (XVI საუკუნის შუა წლები) და მისი შვილი ძეამო კანძე მოტოკიიო (XIV-XV სს). ისინი იყვნენ არა მარტო მსახიობები, არამედ ცეკვების, პიესებისა და მუსიკის ავტორებიც. სპექტაკლები იმართებოდა მაყურებელთა ვიწრო წრისათვის. თეატრი არსებობს ამ ჟანრის მოყვარულთა გაერთიანების ხარჯზე. 

ბუნრაკუ

  ბუნრაკუ- იაპონური თოჯინების თეატრია. ის დაიბადა XVIII საუკუნის დასაწყისში ქალაქ ოსაკაში და წარომადგენს ძველი იაპონური დრამატული ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმას. ბუნრაკუს თოჯინების წარმოდგენა მიმდინარეობს სიამისენის (ძველებური იაპონური მუსიკალური ინსტრუმენტი) აკომპანიმენტით.
ბუნრაკუს სიუჟეტის ისტორიულ საწყისებს გადავყავართ იქ, სადაც ლეგენდები სამურაებზე და ისტორიული რეალობა ერთმანეთს კვეთენ, ამბებში სადაც მონაწილენი მეტად უბრალო ხალხი იყვნენ.
  თოჯინები გამოწყობილნი არიან ფერად კოსტუმებში, და თითოეული თეატრალური სცენა გვაგონებს მშვენიერ სურათს. თუმცა დადგმის სიუჟეტი სევდიან ხასიათს ატარებს - ქალი რომელიც გაუზიარებელი სიყვარულით იტანჯება, ბავშვი რომელიც გადაწყვიტავს მოკვდეს პატრონისთვის, ამის შემყურე სამურაი კი აქებს ბავშვის სიმამაცეს და ცდილობს ცრემლები დაფაროს.... ბუნრაკუ ცდილობს გადმოგვცეს იმ ადამიანთა განცდები და გრძნობები, რომელნიც ერთმანეთთან ცხოვრებისეულმა წინააღმდეგობებმა დააკავშირა.
  თითოეულ თოჯინას მართავს სამი მსახიობი. მთავარი მსახიობი (ოსტატი)პასუხს აგებს თავის და მარჯვენა ხელის მოძრაობაზე, მეორე მხოლოდ მარცხენა ხელზე, მესამე კი ფეხებს ამოძრავებს.
ვინაიდან ფეხებთან მუშაობა ყველაზე ადვილია, ყველა დამწყები მსახიობი აღნიშნული ამპლუით იწყებს კარიერას.
   ორი მეთოჯინე, ისინი ვინც მარცხენა ხელს და ფეხებს ამოძრავებენ, გრძნობენ თავისა და მარცხენა ხელის ფაქიზ მოძრაობას, იაზრებენ მას და მოქმედებენ შესაბამისად.
  შედეგად კი ვიღებთ თოჯინის ისეთ სიმეტრიულ მოქმედებას, რომელიც ცოცხალი ადამიანის მოძრაობაზე უფრო რეალურად გვეჩვენება.

კაბუკი

კაბუკიძა გინზაში ტოკიოს ერთ-ერთი წამყვანი კაბუკის თეატრია.
კაბუკი (歌舞伎) ტრადიციული იაპონური თეატრის ფორმაა. კაბუკის, იაპონური თეატრალური ხელოვნების ყველაზე სახელგანთქმულ სახეობას დაახლოებით 400 წლიანი ისტორია გააჩნია. კაბუკის თეატრი ცნობილია მისი დრამატურგიის სტილიზაციითა და შემსრულებელთა ზედმიწევნით დეტალური მაკიაჟით. კაბუკის იაპონურ დამწერლობაში იეროგლიფები მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს სიმღერას (歌), ცეკვას (舞), და ხელოვნებას (伎). შესაბამისად კაბუკი ხშირად ითარგმნება, როგორც "სიმღერისა და ცეკვის ხელოვნება". თუმცა ეს იეროგლიფები ატეჯის მიეკუთვნება, რაც არ გამოხატავს ფაქტიურ ეტიმოლოგიას, და სიტყვა კაბუკი, როგორც მიიჩნევა, წარმოებულია ზმნისგან "კაბუკუ", რაც ნიშნავს "გადახრას", ან "არა-ჩვეულებრივს", შესაბამისად კაბუკი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც "ავანგარდი" ან "უჩვეულო" თეატრი.


პირველი ნაბიჯები 

  კაბუკის ჟანრი ჩამოყალიბდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის საფუძველზე XVII საუკუნის მიჯნაზე იაპონიაში. ფუძემდებლად ითვლება იძუმო ნო ოკუნი, რომელმაც 1602 წელს ქალაქ კიოტოს მახლობლად, პირველად წამოიწყო თეატრალიზირებული ცეკვის ახალი სტილი. ახალმა ჟანრმა პოპულარობა ძალზედ მალე მოიხვეჭა და ოკუნის იმპერატორის სასახლეშიც კი იწვევდნენ. პარალელურად იქმნებოდა ახალი დასები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს და რაც ხელს უწყობდა კაბუკის თეატრის ჩამოყალიბებას. თავდაპირველად დასები მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და თეატრში დადგმული სცენები უხეშობით და გარყვნილობით გამოირჩეოდა. კაბუკის ბევრი მსახიობი ქალი მსუბუქი ყოფაქცევისა იყო.
  1629 წლიდან ქალებს აეკრძალათ კაბუკის სცენაზე თამაში და 1953 წლიდან იქ მხოლოდ მამაკაცები იღებენ მონაწილეობას. ქალების როლის შემსრულებელ მსახიობებს უწოდებდნენ ონაგატას ან ოიამას (იაპ. 女形, "ქალური სტილი"). ამის გარდა არსებობს შესრულების კიდევ ორი სტილი:არაგატო (იაპ. 荒事, "უხეში სტილი") და ვაგატო (იაპ. 和事, "ჰარმონიული სტილი"). კაბუკის მსახიობთა შორის არსებობს თეატრალური დინასტიები, რომლებიც სპეციალიზირდებიან კონკრეტული სტილის მიმართულებით. დღესდღეობით იაპონიაში, კაბუკი ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული თეატრალური დრამატული ჟანრის სტატუსს.
  ნახსენები სახეობის უნიკალურობას განაპირობებს შთამბეჭდავი გრიმი, ულამაზეს ფერებში მორთული სასცენო კოსტუმები, იუველირული სიზუსტით მორთული სცენა, შესრულების ეგზალტირებული სტილი..... კაბუკის სანახაობრივობა მსახიობთა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
  კაბუკის თეატრის მხატვრული ხერხები გადადის მამისგან შვილზე, შვილიდან კი შვილისშვილზე, ამიტომ აღნიშნული ხელოვნება ხშირ შემთხვევაში მსახიობთა ოჯახური საქმეა.
თითოეული ოჯახი ხდება ცალკეული როლის მფლობელი, და ეს ამპლუა თაობიდან თაობას გადაეცემა.
  კაბუკის შემსრულებელთა შორის ერთერთი ყველაზე ცნობილი ოჯახია - ნაკამურა-ია . მათი გვარის სამსახიობო ისტორია იაპონიაში ყველაზე ძველია. 25 წლის წინ მათ ოჯახში დაიბადა ნაკამურა კანტარო. ისევე როგორც მისი მამა და ბაბუა ნაკამურო დროის უმეტეს ნაწილს სცენაზე ატარებს, და იგი ერთერთ ყველაზე შესანიშნავ მსახიობათ ითვლება. იაპონიაში თანამედროვე კაბუკი გაიგივებულია ნაკამურების გვართან.
 

воскресенье, 8 мая 2011 г.

დრამა

ნიღბები დრამის სიმბოლოა.
  დრამა ეპოსსა და ლირიკასთან ერთად წარმოადგენს ლიტერატურის სამ მთავარ ჟანრთაგან ერთ-ერთს, გარდა ამისა, ცალკეულ პიესასაც შეიძლება დრამა ვუწოდოთ. თეატრში მთავარი არის დრამა, ანუ ტექსტი. მაშასადამე დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.
ტერმინი ბერძნულიდან (δράμα [dráma]) ქართულად ‛ქმედებას’, ‛მოქმედებას’ აღნიშნავს.
დრამა შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე ფორმით : ცოცხალი შესრულებით თეატრში, ფილმში, ტელევიზიით.
  არისტოტელეს თანახმად დრამის მთავარი ნიშანი არის მოქმედების წარმოდგენა დიალოგების მეშვეობით. სწორედ ამ ნიშნით ის განსხვავდება ანტიკური ხანის თხრობითი ეპოსისაგან, ხოლო ახალ დროში კი რომანისგან. თანამედროვე გაგებით დრამა იმისთვის იწერება, რომ მსახიობმა ითამაშოს თეატრში. ამ მიზეზის გამო ხშირად დრამატული ნაწარმოების ტექსტური ვერსია შეიცავს მითითებებს მსახიობთათვის, ხოლო XX საუკუნიდან რეჟისორთათვისაც. წიგნის, ანუ ე.წ. წასაკითხი დრამა არის საგანგებო ფორმა, რომელიც უპირველეს ყოვლისა მკითხველზე და მკითხველისთვისაა გათვლილ-განკუთვნილი და არა სასცენოდ. დრამა ხშირად დაყოფილია აქტებად, ხოლო აქტები კი სცენებად და სურათებად. კლასიკური ფრანგული დრამა (რასინი, კორნელი) იყოფა 5 აქტად, იტალიური დრამა, რომელიც საოპერო ტრადიციებთანაა (მეტასტაზიო) დაკავშირებული 3 აქტს ანიჭებს უპირატესობას.

ისტორია

   ევროპული დრამა წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნის ათენში. ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე იყვნენ ტრაგედიის ყველაზე გამორჩეული ავტორები. არისტოტელემ მოგვიანებით თავის პოეტიკაში ტრაგედია გამოჰყო კომედიისაგან. მოგვიანებით ანტიკური დრამა რენესანსის ეპოქაში განვითარდა. ძველად დრამებს ლექსებად წერდნენ, მაგრამ ახალ დროში დიალოგური ფორმით გამართულ პიესებში მძლავრობს თავისუფალი პროზა. თავისთავად ცხადი არც ისაა, რომ დრამებში საუბრობენ:1600 წლიდან ოპერა მოიაზრება კლასიკური ბერძნული დრამის ერთგვარი აღორძინება.  18 საუკუნიდან მოყოლებული მიმდინარეობს ცნებების (დრამა, ტრაგედია, კომედია, ბიურგერული დრამა, სახასიათო პიესა) მნიშვნელობათა ერთმანეთში აღრევა. 19 საუკუნიდან კი ტერმინ მელოდრამას, რომელსაც განსაკუთრებით გრძნობამომრევი, სენტიმენტალური და ინტრიგებით აღსავსე მოქმედებები ახასიათებს, ბევრი დრამის სინონიმადაც გამოიყენებს.

 

четверг, 5 мая 2011 г.

ბალეტი


ბალეტი

ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე–16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო.

ბალეტის ისტორია
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
   ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას. რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა.